მაგალითი, რასაც ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში სამოწყალოდ ხარჯავენ, – ჰგავს მაგალითს ყინულოვანი ქარიშხლისა, რომელმაც ეკვეთა და გაანადგურა – თავიანთი სულების მიმართ უსამართლო ხალხის ნათესები. ალლაჰი კი არ მოექცა მათ უსამართლოდ, არამედ საკუთარ სულებს თვითონ ექცევიან უსამართლოდ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სხვას ნუ გაიხდით მესაიდუმლედ, გარდა თქვენიანისა, რადგანაც ისინი არაფერს დაიშურებენ თქვენს საზიანოდ, და ნატრობენ იმას, რაც ურთულესია თქვენთვის, და სიძულვილი გადმოდის მათი ბაგეებიდან, და ის უფრო დიდია, რასაც მათი გულები მალავენ. საკმარისად ნათელვყეთ თქვენთვის აიათები, თუკი გონს მოეგებით.
აი, გიყვართ თქვენ ისინი, მაგრამ მათ არ უყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სრულად გწამთ (ყველა ღვთიური) წიგნი; თქვენთან შეხვედრისას ამბობენ, ვირწმუნეთო, მაგრამ როდესაც განმარტოვდებიან, თითის წვერებს იკვნეტენ თქვენ მიმართ სიძულვილისგან. უთხარი: ,,დაიხოცეთ თქვენივე სიძულვილით". ჭეშმარიტად, უნაკლოდ იცის ალლაჰმა გულებში არსებულის შესახებ.
თუკი სიკეთეს გადაეყრებით , სამწუხაროა მათთვის, ხოლო თუკი უბედურება დაგატყდებათ, მაშინ – უხარიათ. და თუ მოითმენთ და ღვთისმოშიშობას გამოიჩენთ, ვერას გავნებთ მათი ვერაგობა. ჭეშმარიტად, ალლაჰი გარემოიცავს ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ.