რატომაც არ უნდა ვირწმუნოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებიდან მოვიდა ჩვენთან? - ჩვენ ხომ მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ღმერთი სათნო ხალხთან ერთად შეგვიყვანს (სამოთხეში).
შემდეგ მიჰმადლა მათ ალლაჰმა თავიანთი (გულწრფელი) სიტყვებისთვის სამოთხეები, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინება, მასში იქნებიან მარადჟამს და ესაა კეთილმორწმუნეთა საზღაური.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ ის სიკეთენი, რაც ჰალალჰყო თქვენთვის ალლაჰმა და არც ზღვარს გადახვიდეთ; უეჭვლად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.
ალლაჰი არ გაკისრებთ პასუხისმგებლობას (იმ) დაფიცებულზე, რომელიც წამოგცდათ (გაუცნობიერებლად) , თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც შეგნებულად დაიფიცეთ. და ამის გამოსასყიდია: ათი ღატაკის გამოკვება - საშუალოდ იმით, რასაც მიართმევთ ხოლმე თქვენს ოჯახს; ან მათი შემოსვა; ან ერთი მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც (ეს) არ მოეპოვება, მასზეა (დაკისრებული) სამი დღის მარხვა. ესაა გამოსასყიდი თქვენი ფიცისა, თუკი გატეხავთ. მაშ, დაიცავით თქვენი ფიცი! ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, - იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაო) ისრები[1] სატანის საძაგელ საქმეთაგანაა და განერიდეთ მას – იქნებ გადარჩეთ.